გოფანთოს ბრძოლა
გოფანთოს ბრძოლა 1588 — ბრძოლა ქართლის მეფე სიმონ I-ისა და იმერეთის მეფე ლევანის ლაშქარს შორის სოფ. გოფანთოს ახლოს (ახლანდელი თერჯოლის მიდამოები). XVI საუკუნის 80-იან წლებში იმერეთის სამეფო-სამთავროებში შინაფეოდალური ომები მიმდინარეობდა. ქართლისა და იმერეთის პროგრესული მოღვაწეები ცდილობდნენ ქართლ-იმერეთის გაერთიანებას. ამ მიზნით სიმონ I თავისი ლაშქრით იმერეთში გადავიდა. ლევანმა დახმარებისათვის მამია IV დადიანსა და გიორგი II გურიელს მიმართა, მაგრამ ისისნი ერთმანეთს მტრობდნენ და დახმარება არ გაუწიეს.
გოფანთოს ბრძოლაში იმერეთის მეფე ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმს შეაფარა თავი. სიმონ I-მა მძევლები წაიყვანა სასწრაფოდ ქართლში დაბრუნდა, რადგან ოსმალების ეშინოდა (ოსმალებს ამ დროს გორი და მისი მიდამოები ეჭირათ). ამით ისარგებლა ლევანმა და იმერეთის ტახტი დაიბრუნა, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ომები უფრო გამწვავდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 126.
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 238.